„ნაციონალური მოძრაობა“ შპს არ არის, პარტია არის ერთიანი ორგანიზმი, ერთიანი სტრუქტურული გაერთიანება. – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მცდარია მოსაზრება რამე 40%-იან წილებზე საუბრის და ა.შ. ეს შპს არ არის. პარტია არის ერთიანი ორგანიზმი, ერთიანი სტრუქტურული გაერთიანება. აქ საუბარია ხაბეიშვილის ახალი მენეჯმენტი, ნიკა მელიას ფრთა, ფლანგი თუ დაჯგუფება და ა.შ., მაგრამ ამ პარტიაში არ არსებობს არანაირი ცალკე ფლანგები, თუ დაჯგუფებები და დაპირისპირებული მხარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ლიდერობით შექმნილი პარტია და ის არის ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი; მთელი გუნდი, ჩვენ, ყველანი ვართ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ერთიანი სტრუქტურული ერთეული“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გადავიდა ნიკა მელია ცალკე ოფისში, თუ პარტია ერთიანია და ორგანიზაციაში არავითარი დაპირისპირება არ არის, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ არჩევნები ორი წლის წინაც ჩაატარა „ფეისბუქის“ საშუალებით, სადაც ნიკა მელიამ გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შემდეგ არავის დაუწყია საუბარი – ლევან ვარშალომიძის ფრთა, რაღაც წილების მოთხოვნა პარტიის მმართველობაში და ა.შ.
„ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ყველა წევრს აბსოლუტურად ღია კარს. არ არის აუცილებელი არც კაბინეტი და არც ცალკე ოფისი იმისთვის, რომ პარტიული ცხოვრებით დაკავდე. ჩვენ ამის გამოცდილება და მაგალითები უამრავი გვქონია ჩვენი პარტიული ცხოვრების ისტორიაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეკითხვაზე, რა სახით არის დღეს ჩართული დავით კეზერაშვილი პარტიის საქმიანობაში, როგორია მისი ჩართულობა დაფინანსების კუთხით და დააზიანა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯი „ბიბისის“ ფილმში მოყვანილმა ფაქტებმა და მასალებმა, ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავით კეზერაშვილის მიერ არ ფინანსდება, ხოლო „ბიბისის“ ფილმში საუბარი არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაზე.