გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია - საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების გამო, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ვიზიტი სტრასბურგში გადაედო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ „კონსტიტუციურ ორგანოებთან დაკავშირებით ეს დისკომუნიკაცია არის, რა თქმა უნდა, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა. საქმე გვაქვს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციასთან, ვალდებულების შესრულებასთან და საუბარი დისკომუნიკაციაზე, საუბარი სხვა უმნიშვნელო საკითხებზე, როცა ამხელა საკითხი არის გადასაწყვეტი, აჩვენებს იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რაც წლებია „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ამ დისკომუნიკაციის, უპასუხისმგებლობის ნაწილი გახდა.
სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია არ არის მზად წავიდეს და ევროპულ პოლიტიკოსებს გასცეს იმ შეკითხვებზე პასუხი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, როდესაც არსებობდა მისი საჯარო განცხადება, რომ ის ევროპარლამენტში გამოვიდოდა და სიტყვით მიმართავდა ევროპარლამენტარებს. ეს დაპირება დაპირებად დარჩა, ეს დისკომუნიკაცია არ არის არგუმენტი, არგუმენტი მხოლოდ ერთადერთი შეიძლება იყოს ის, რომ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია პირველ რიგში და გააკეთოს ყველაფერი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიეცეს საშუალება საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაირჩინოს საზღვარგარეთ.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უპასუხა და განცხადება გაავრცელა - პრეზიდენტის განცხადება ვიზიტის გაჭიანურებაზე არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება!