გარკვეული იმედგაცრუება მაქვს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების სიაში ნიკა გვარამია არ არის - ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ მართლა დაიწყოს ქვეყანაში დეპოლარიზაციის პროცესი, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ შეიწყალა. გარკვეული იმედგაცრუება მაქვს, რომ ამ სიაში არ არის. მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით მისი განცხადებები, რომ ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას ზეწოლის ქვეშ, ან გარედან რაღაც ჩარევის შემთხვევაში. ეს მან ნათლად განაცხადა. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ მართლა დაიწყოს დეპოლარიზაციის პროცესი და ხელი შევუწყოთ საზოგადოების კონსოლიდაციას და წინ აღვუდგეთ საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, რომელსაც ყოველდღიურად აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. სამწუხაროა, რომ ამ სიაში არ არის ნიკა გვარამია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო სწრაფად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან პოზიტიური ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციისკენ და საზოგადოების გამთლიანებისკენ წავიდეთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ არის.