„დაცვის მხარემ შეიტანა სარჩელი და ვიდრე სასამართლო ჩვენ არ გაგვიზიარებს ამ დოკუმენტაციას, ჩვენ არ გვაქვს შინაარსის შესახებ რაიმე სახის წინასწარი ინფორმაცია. როდესაც გვექნება, პრობლემა არ არის, ამ საკითხებზე, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვაზე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე.
რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ სარჩელის შესახებ ცნობილი გახდა მსჯავრდადებულის დაცვის მხარის განცხადებებით და რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ამ საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ისევ და ისევ დაცვის მხარის განცხადებებით, მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა, ჯერ ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოსთან, მათ ჩვენთვის რაიმე კითხვა ან რაიმე სახის დოკუმენტები არ გამოუგზავნიათ. შესაბამისად, ჩვენთვის სარჩელის შინაარსი არის უცნობი... ჩვენ მზად ვართ, როდესაც გვექნება ინფორმაცია, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.