რუსული გავლენა ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის ვგულისხმობ „ქართულ ოცნებასაც“, არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის მიერ დამტკიცებულია, როგორც დანაშაული - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ისტორიული გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, დამტკიცდა ის, რომ ომში დამნაშავე პუტინია. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საერთაშორისო სამართალი მუშაობს. პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს იმას, რომ ის უკვე გარიყული და იზოლირებულია, როგორც დამნაშავე, როგორც გენოციდის მომწყობი, მათ შორის, უკრაინელი ბავშვებისთვის. ყველა იმ სამხედრო დანაშაულს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, სხვაგვარი სამართლებრივი ლეგიტიმაცია ეძლევა. მე, ასევე, საინტერესოდ მეჩვენება ევროპის შემაკავებელი და გამაფრთხილებელი გზავნილი ჩინეთის მიმართ.
რაც მთავარია, უკრაინის გამარჯვებას წინ ვეღარაფერი დაუდგება, რადგან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი აღმოიფხვრა. პუტინი ომის დამნაშავეა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსული გავლენა ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის ვგულისხმობ „ქართულ ოცნებასაც“, არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის მიერ დამტკიცებულია, როგორც დანაშაული“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.