ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ელჩის რანგში მისი ბოლო მიღებაა საქართველოში.
„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და უაღრესად მადლიერი ვარ იმ მტკიცე პარტნიორობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ერთად გვეკეთებინა ამდენი რამ ქართველი ხალხისთვის.
მსურს, მადლობა გადავუხადოთ საელჩოს შრომისმოყვარე გუნდს, კრის იარნგისა და იანგ მონტეიროს ხელმძღვანელობით დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ სპონსორებს. დღევანდელი ღონისძიება შეუძლებელი იქნებოდა მათი გულუხვი მხარდაჭერის გარეშე.
წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში.
ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც, მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიური მისიის ხელმძღვანელობაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ. ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს, მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში. მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ 4 ივლისი არის დღე, როდესაც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
„ამ დღეს ზეიმობენ ამერიკელები და თავისუფლებისმოყვარე უამრავი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც თარიღს, რომელიც გვახსენებს, რომ თავისუფლება დაცვის ღირსია.
4 ივლისი, ასევე, არის დღე, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ მშვენიერ, მუდმივად განვითარების პროცესში მყოფ დემოკრატიულ სისტემას, რომლის გაუმჯობესებასაც 247 წელია, ესწრაფვიან ამერიკელები. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატია არის მმართველობა ხალხის მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. ეს არის სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობის პატივისცემასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც შექმნილია კომპრომისისა და კონსენსუსის საფუძველზე ფუნდამენტური თავისუფლებებისა და თანაბარი უფლებების დასაცავად. ის ეფუძნება კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რომელიც ზღუდავს ძლევამოსილთა გავლენასა და უმრავლესობის ტირანიას.
ამერიკის დამფუძნებლებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ემსახურება ხალხს და როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიხილეთ, ამ სისტემას მოაქვს მეტი პატივისცემა და კეთილდღეობა ეკონომიკური აღმავლობის, ინოვაციის, ხელოვნებისა და კულტურის ცოცხალი გარემოს სტიმულირებით. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო იზიარებს ამერიკის რწმენას, რომ დემოკრატიული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანაბარ უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე, არის საუკეთესო გზა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ძვირფასი თავისუფლებების დასაცავად“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატია არ უნდა ჩავთვალოთ თავისთავად მოცემულობად.
„როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. ამერიკელებმა და ქართველებმა ეს იციან, რადგან ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად, ისევე, როგორც დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო.
ისტორია, ასევე, ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა; მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის განვითარების ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს.
„იქნებოდა ეს კანონის უზენაესობის მეშვეობით უძველეს დართლოს სასამართლოში თუ თანასწორობით, რასაც ადასტურებს 1918 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული ქალთა და უმცირესობათა უფლებები, ან კიდევ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ხაზგასმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ჭავჭავაძის, წერეთლის ფშაველას, ცისფერყანწელების, ჯავახიშვილისა და ბარათაშვილის ნაწერებში. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ლიდერები იცავდნენ ქართულ ენას, რელიგიასა და კულტურას, მათ შორის, დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც ნოე ჟორდანიამ 1921 წელს თქვა: „ რა უნდა შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000-წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე“.
მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი, ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ ასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია.
„ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა.
ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს.
ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ ამერიკელები და ქართველები – მშვიდობისა და თავისუფლების სახელით.
ჩემო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო, ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის! როგორც სულხან საბა ამბობდა „ძალა ერთობაშია“.
ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.