საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო იმედგაცრუებულია ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის მცდელობა ძირს უთხრის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იმედგაცრუებული ამ გადაწყვეტილებით. დასაწყისშივე აშშ-მა გამოთქვა შეშფოთება ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაკავების დროსთან, ბრალდებებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იმ განაჩენთან მიმართებაშიც, რაც სასამართლომ გამოიტანა. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, თუნდაც, ასეთი ტიპის ჩარევის მცდელობა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, პოლიტიკური ჩარევის მცდელობა, ძირს უთხრის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას იურისდიქციის მიმართ, მიუკერძოებლობას, რომელიც არსებითია ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ პრობლემებს საქმესთან დაკავშირებით და მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ მათ მიიღეს თავიანთი გადაწყვეტილება და ამით ჩვენ ვართ საკმაოდ იმედგაცრუებული“, – განაცხადა დეგნანმა.
გუშინ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე სარჩელის განხილვა დაუშვებლად ცნო.