თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული.
როგორც მან ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, პარტიებისთვის სახელების ცვლილება მათი წევრების წარსულ საქმიანობას არ ცვლის.
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება და ვინ რომელ პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები? ყველა მათგანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია, რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ – ზოგი პოლიტიკაში იყო, ზოგი ბიზნესში და იქიდან ატერორებდა ხალხს. ერთნი არიან – რადიკალების დიდი დაჯგუფება. ლიბერალურ ფაშიზმზე როდესაც ვსაუბრობთ, ზუსტად ეს ადამიანები არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები, ვინც ყველანაირი სიბინძურის, ბოროტების მკადრებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად ახსოვს, რა ხდებოდა და როგორი მმართველობა იყო 2012 წლამდე საქართველოში.
„ხომ არ დაგვავიწყდა, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში და რა მდგომარეობა იყო? ამას რომ არ ვახსენებთ საზოგადოებას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას დაავიწყდა ის მმართველობა, რომელიც 2012 წლამდე იყოქვეყანაში. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? – ვინც დღეს ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენს. რაც არ უნდა სახელები იცვალონ, სახეს ხომ ვერ შეიცვლიან? თავიანთ შინაგან მდგომარეობას ხომ ვერ შეიცვლიან? მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი ადამიანი არ გამოსულა და ბოდიში არ მოუხდია, რას უშვრებოდნენ ხალხს და როგორ მართავდნენ ქვეყანას. პირიქით, ისევ იქ დარჩნენ და კიდევ უფრო გაბოროტდნენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარი მიზანი იქნება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორმე სააარჩევნო ბარიერი გადალახონ.
„ყველაფერი დემოკრატიით იყო შენიღბული, რადგან მათ პატრონებს ასე აწყობდათ. თუ რაიმე ბოროტება და უბედურება შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ყველაფერს აკეთებდნენ – მკვლელობები, გაუბედურება, ციხეებში წამება, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა და ოპოზიციაში, ისევ იქ დარჩნენ. ყველაფერს კადრულობენ, უბრალოდ, დღეს რესურსები არ აქვთ. თუ განსხვავებული აზრი გაქვს, მაშინვე შემოვარდებიან, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. შეტყობინებებს უგზავნიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს – სპორტსმენებს, ხელოვნების წარმომადგენლებს და ა.შ. მათი მთავარი მიზანი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა მიზეზები, რის გამოც, „ნაციონალურ მოძრაობაის“ მხარდამჭერი აღარ არის.„ნაციონალურ მოძრაობას“ მეც ვუჭერდი მხარს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ ზღვარს როდესაც გადადიხარ, არღვევ ადამიანის უფლებებს, ზღუდავ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ატერორებ ბიზნესს, ართმევ, პირდაპირ ქუჩაში კლავ, აუბედურებ ოჯახებს, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ანალიზს გააკეთებენ. მე უბრალოდ, მათი მიკვირს, ვინც დღეს უერთდება „ნაციონალურ მოძრაობას“. იმის ფონზე, რაც გამოვიარეთ, აკეთებ განცხადებას, რომ უერთდები აღნიშნულ პარტიას, ეს სრული კატასტროფაა. წარმომიდგენია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინც ამ ნაბიჯს დგამს. ძალიან საშიში ადამიანები არიან“, – განმარტა თბილისის მერმა.