ხელისუფლება უზრუნველყოფს, ჯარმა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„ერთ შესწორებას შევიტან, კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, მიდგომები. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა, თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში. მადლობებს ვიღებდით იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები, იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ნატო-ს ქვეყნებიდანაც. დღეს კი გამოდის ევროკავშირი და ამბობს, ჯარისთვის განკუთვნილ თანხას აუქმებენ და აძლევენ ლომჯარია-გიგაურს. ჯარს არაფერი მოაკლდება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯარმა მიიღოს ის, რაც საჭიროა, რათა მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო და არის, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დაცვა.
„ხელისუფლება იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში უკრაინიზაცია განხორციელდეს. მშვიდობა შენარჩუნდება სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს. არანაირ სანქციებში ჩართვას არ ვაპირებთ. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ გაყინულია 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვას ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდა. მისივე თქმით, გაერთიანების პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად.