„ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. განცხადება გუშინაც გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილის მომგვრელია, არასერიოზულია." -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

" შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. გვინდა, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება. გუშინაც ვილაპარაკე ამაზე, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მზად ვართ, რათა სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს, იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც.

შეგიძლიათ, დაასახელოთ ერთი მიზეზი მაინც, რატომ შეიძლება, მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული? რაში გამოიხატება ევროინტეგრაციისთვის ძირის გამოთხრა? სანქციებზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. გულწრფელად გეუბნებით. არ ვიცი, შეიძლება, დასანქცირებულია 100, შეიძლება – 200 ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენთვის პირველი და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყანა, მშვიდობის შენარჩუნება და ვინც არ უნდა იყოს, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც, სამწუხაროდ, დღეს ხდება უკრაინაში. არავის არ მივცემთ ამის შესაძლებლობას, ბოლომდე დავდგებით და დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ვიღაცისთვის შეიძლება, სადმე წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, თუმცა მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სამშობლოზეა საუბარი.

„ძალიან მარტივად გეუბნებით ამ ყველაფერს. დაფინანსებას რაც შეეხება, აქაც მინდა, განმარტება გავაკეთო და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი. იმ თანხების უდიდესი ნაწილი, 80 პროცენტი მიდის მაგათი აგენტურის დაფინანსებაში, ამერიკის აგენტურის დაფინანსებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.