დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ეხება, მედიის შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, „ლელოსა“ და მისი ლიდერის განცხადებები უარგუმენტო და მანიპულაციურია.
არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ხაზარაძის განცხადება, იმდენ სისულელეს ვისმენთ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან. მერე უკვე აიბლანდნენ ერთმანეთში, ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს, პენსიებთან დაკავაშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ. არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია: არანაირი არგუმენტაცია, არანაირი კონკრეტიკა. ქართველი ხალხი არ მოტყუვდება ამ მანიპულაციით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტული საკითხია. დედაქალაქის მერმა ის მუნიციპალური პროგრამაც ახსენა, რომელიც რამდენიმე წელია, მსურველთა გადამზადებისა და დასაქმების მიმართულებით მოქმედებს.
„გამოწვევა არის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. თუ შევხედავთ თუნდაც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით რა ვითარება იყო წლების წინ და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს... საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დასაქმების პრობლემა, მეორე მხრივ, ბიზნესსექტორი ეძებს კვალიფიციურ კადრებს, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა. ჩვენ გვაქვს სრულიად უფასო, პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. სხვადასხვა პროფესიებში გადამზადებას ვახორციელებთ, რათა მსურველებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ. შემდეგ მათ ვეხმარებით დასაქმებაში. 75% არის ამ პროგრამით დასაქმების მაჩვენებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.