დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ევროსტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
კახა კალაძის განცხადებით, ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები აზიანებს საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობებს.
„ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ამ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ესენი არიან კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი.
ქართველი ადამიანის წარმოდგენაში რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები? - ევროპა დაფუძნებულია იმ ფუნდამენტურ ფასეულობებზე და პრინციპებზე, რაც თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების დაცულობა - ეს ყველაფერი წლების წინ უგულებელყოფილი იყო და გვახსოვს, რა ხდებოდა. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები და ქმედებები, რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.