თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სრულებით გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაუჭირდება საუბარი, თუ რას გაააკეთებს ის მომავალში.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ხალხის ძალის“ იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეაწყალებინებს, ისინი არჩევნებს აღარ დაელოდებიან და აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
„გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. შესაბამისად, შევაფასო, თუ რას იზამს ის ხვალ და ზეგ, ძალიან გამიჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, თბილისის მერის შეფასებით, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და კარგი იქნება, თუ ყველა მათგანს პასუხი გაეცემა, თუმცა, ამ ეტაპზე პრიორიტეტი მომავალი არჩევნებისთვის მზადებაა.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას და აგვისტოს ომის საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუნდაც მიღებული რეზოლუციები, ის მოვლენები, რომელიც აგვისტოში ხდებოდა. ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით და კარგი იქნებოდა, რომ სიცხადე შემოვიდეს, ყველამ ყველაფერი იცოდეს, თუმცა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენს ქვეყანაში და ყველა ამისთვის ვემზადებით. ვნახოთ, არჩევნების შემდეგ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამის გაკეთება“, - განაცხადა კახა კალაძემ.