„საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესებამ გამოიწვიოს და გათვალისწინებულია თუ არა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დასრულების რისკები.
„რა თქმა უნდა, ყველაფრის გათვლა ხდება და ყველაფერზე მიდის მუშაობა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ სანქციების ნაწილი, მიმოსვლასთან დაკავშირებით რაც იქნა გაჟღერებული. პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას. როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ არც პარტნიორები, არც მეგობრები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის. ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მოსახლეობას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ამიტომ ვთქვი, რომ აღნიშნული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ პარტნიორ ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის დამოკიდებულება აქვთ.
„ესეც ჩვენი ბრალია, არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, არამედ ბოლო ათეული წლების განმავლობაში რაც ხდებოდა, რა დამოკიდებულებაც იყო. საკუთარი თავის ფასი არ ვიცით, საკუთარ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს არ ვაფასებთ და რა თქმა უნდა, სხვასაც იგივე დამოკიდებულება ექნება. შენ თუ შენს ქვეყანას არ აფასებ, სხვისი მხრიდანაც იგივე აგდებული დამოკიდებულება იქნება. შედეგი სახეზე გვაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი გამოსწორდება“, - აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, საინტერესოა, თუ საფრანგეთისთვის შეიძლება „ასეთი და უფრო მძაფრი კანონის მიღება, რატომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში იყოს ძალიან უწყინარი კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს“.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.
შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.