თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირების შესახებ. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელობა არა აქვს ლევან ხაბეიშვილს დატოვებენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად, რადგან ამ პარტიის წარმომადგენლები მარცხისთვის არიან განწირულნი.

"არ ვიცი მათი დაპირისპირების საგანი. ლევან ხაბეიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. სხვათა შორის, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მას ვგულშემატკივრობდი. ერთი რამ ცხადია -რადიკალიზმს, ბოროტებას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა და ვიცით ვინც იყო ამ ყველაფრის შემოქმედი, ამ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს მომავალი არ აქვთ, ისინი განწირულნი იქნებიან მარცხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, თავის თავზე გამოცადა ეს უბედურება, შესაბამისად, წარსულს მოსახლეობა არასდროს დაუბრუნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციის კონსოლიდაცია არაფერს შეცვლის, რადგან ისინი ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან.

„ისინი ერთი მრწამსის ადამიანები არიან. ერთ დროს ერთი კონკრეტული ფრთის - სააკაშვილის გაერთიანების ქვეშ იყვნენ, შემდეგ დაიშალნენ, შექმნეს საკუთარი პარტიები, როგორ გამოვლენ არჩევნებში ცალკეულად თუ გაერთიანებულად, ეს არაფერს ცვლის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.