იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
„ამ ინიციატივამ თვალნათლივ და მკაფიოდ დაგვანახა ვინ ირჩევს ჩვენს ტრადიციულ, ქართულ ღირებულებებს და ფასეულობებს და ვინ დგას ისეთი პროპაგანდის უკან, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, მათ შორის, განსაკუთრებით არასრულწლოვანებისთვის“, - განაცხადა კანონპროექტების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.