15, 20, 50 კაცს შეუძლია, მთელი უმრავლესობის ინტერესები შელახოს, გადაკეტოს რუსთაველი და ამით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანოს მთელი საზოგადოება, ამას დავუპირისპირეთ კანონის ძალა. თურმე, ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირ-ის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ორმაგ სტანდარტებს უკვე მიჩვეული არიან.
„საპარლამენტო არჩევნების დროს ეუთო/ოდირის საქმიანობა იყო იმ სტანდარტებით, რითაც ხასიათდებოდა – ობიექტურობით და სამართლიანობით. სამწუხაროდ, ეტყობა, შემდეგ მის საქმიანობასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატებში გარკვეული ჯაბაასი გაიმართა. იცით, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს, როცა ჩვენ მოვიწვიეთ, ისინი არ ჩამობრძანდნენ ყურმოთრეული მიზეზის გამო, თურმე ვერ ვასწრებთო. როგორ, ორი თვის განმავლობაში ჩამოსვლას და დაბინავებას ვერ ასწრებდნენ? არა, ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, მათ არ გაეკეთებინათ ობიექტური ჩანაწერი, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდა ადგილობრივი არჩევნების დროსაც, როგორც საპარლამენტო არჩევნებისას.
ახლა ახალი განცხადება დაგვაწიეს, მანიფესტი, თუ რაღაც რეკომენდაცია, რჩევა. ვხედავთ, რომ 15, 20, 50 კაცს შეუძლია, მთელი უმრავლესობის ინტერესები შელახოს, გადაკეტოს რუსთაველი და ამით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანოს მთელი საზოგადოება, ამას დავუპირისპირეთ კანონის ძალა, გავამკაცრეთ სანქციები და ჯარიმები. თურმე, ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ეუთო/ოდირთან გვაქვს კითხვა – მაშინ, როდესაც არ არის გზის გადაკეტვის აუცილებლობა და მთელი დედაქალაქის პარალიზებას იწვევს 50 კაცი, ეს არ არის უმრავლესობის ინტერესების შელახვა? თუ აქაც ორმაგი სტანდარტია. ჩვენ მიჩვეული ვართ ორმაგ სტანდარტებს. ბუნებრივია, ჩვენ ვხელმძღვანელობთ უმრავლესობის ნება-სურვილით. ჩვენი მოსახლეობის ნებაა, რომ რუსთაველის ქუჩა არ იყოს გადაკეტილი და თუ გადაიკეტება, ამას სანქციები მოჰყვება, როგორც არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში. თავიანთ დედაქალაქებში, ცენტრალურ მოედანს 30 კაცი როცა გადაკეტავს, შემდეგ მოვისმენდი მათგან რჩევა-დარიგებას და რეკომენდაციას. ანუ, რაც მათთვის მიუღებელია, აქ, საქართველოში და დედაქალაქ თბილისში ეს უნდა გავატაროთ? ბუნებრივია, ამას არ გავაკეთებთ, არც მანამდე გაგვიკეთებია და არც მომავალში ვაპირებთ ამის გათვალისწინებას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებას, უნდა აისახოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკაში და ამ უფლების სხვათა უფლებებთან შეთავსების შეზღუდვების ან შეზღუდვის სხვა დასაშვები საფუძვლების განხილვისას, არასაჭირო ან არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით, სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ხელშეწყობას“, – ნათქვამია ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში.









