„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აქციაზე უცნობი ადამიანი თავს დაესხა.
„სუსის „ნასედკა“ თავს დამესხა ფიზიკურად, ჭიდაობის დროს ე.წ. სპიცი დაუვარდა. აი რა უნდა დღეს რუს ოლიგარქას და სუსის „ნასედკებს“. მოვიდა, შენ ხარ ირაკლი ნადირაძეო, კი მეთქი და პირდაპირ დამესხა თავს. როგორც ჩანს უნდოდა ამ იარაღის გამოყენებაც, ვერ მოასწრო იმიტომ, რომ ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიეთ. თუ მათ ჰგონიათ, რომ აქ მყოფი ადამიანები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამო არიან მოსულები, ძალიან ცდებიან, დღეს ეს ხალი იბრძვის თავიანთი ევროპული მომავლისათვის“- აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნით დაიწყო.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.