ხვალ 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან და ასევე ბათუმში გაიმართება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, ეს არის საერთაშორისო აქცია, რომელიც 16 ქვეყნის 17 ქალაქში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, როგორც პარტიის წევრები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
„ეს არის ფეიგინის მიერ დაანონსებული აქცია და ამით კიდევ ერთხელ დავანახებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე, პირადი პატიმარი და ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის. ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენს ხმას საერთაშორისო საზოგადოებას. ეს არ არის მხოლოდ პარტიული აქცია, იქნებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა პროევროპული პარტიის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები, რადგან მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და ციხეში დარჩენა ნიშნავს საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმას. შესაბამისად, ეს არის არა ერთი პარტიის გამოწვევა, არამედ ჩვენი საზოგადოების გამოწვევა, რომ საქართველომ საბოლოოდ არ დაკარგოს შანსი, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს“, – განაცხადა ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს.
„24 თებერვალსაც შევიკრიბებით და შევუერთდებით აქციას, რომელიც ეხება უკრაინის მხარდაჭერას და ასევე საქართველოს ევროპულ მომავალს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება 24-ში, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აქციები, პროტესტი გაგრძელდება 25-შიც, 26-შიც და ყველა მომდევნო დღეს, ვიდრე არ შეიკრიბება ის კრიტიკული მასა, რომელიც საჭირო იქნება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. პარტიის მიერ დაანონსებულ ყველა აქციაზე, დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივად იქნებიან წარმოდგენილნი ყველანი, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ამოცანა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამ ქვეყნის თავისუფლება რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან“, – აღნიშნა ნადირაძე.