ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ევროპის საბჭო მათ წერილობით მოთხოვნას გაითვალისწინებს და საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილებას შეუჩერებს.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ წერილის მიზანი ევროსაბჭოსთვის საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობა და საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა იყო.
"მიზანი იყო ის, რომ პირველ რიგში, ევროსაბჭოში მიგვეტანა ინფორმაცია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, იმის შესახებ, რომ აქ ადამიანები არიან უკანონო პატიმრობაში, ადამიანები ჰყავთ აყვანილი მძევლად, არჩევნები არის გაყალბებული - ამ ყველაფრის შესახებ სიმართლის, ნამდვილი ინფორმაციის მიტანა ევროსაბჭოში. ვცდილობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან "ქართული ოცნება" დარჩეს საერთაშორისო იზოლაციაში," - აცხადებს გია ჯაფარიძე.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ თუ ევროპის საბჭო გადაწყვეტს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ეს დასავლელი პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური განაცხადი იქნება.
"ქართული ოცნება" არის თავად ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც ანგრევს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, არღვევს კონსტიტუციას. თუ მიიღება გადაწყვეტილება დელეგაციისთვის უფლებამოსილების არმინიჭებაზე, ეს იქნება პოლიტიკური განაცხადა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, დაახლოებით ორ საათში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება. რამდენიმე საათში გაირკვევა, გაითვალისწინებს თუ არა ევროსაბჭო ქართული ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
ოპოზიციამ წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაგზავნა, თუმცა საკითხი ჯერ ოფიციალურად ინიციირებული არ არის.