სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანი იყო ეს დაზუსტება. ჩვენ იცით, რომ მოვითხოვეთ დაზუსტება, რა მტკიცებულებებს და წყაროებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო მდივნის სახელით და აღმოჩნდა, რომ ამაზე არავითარი პასუხი არ არსებობს. იყო ბევრი შეხვედრა და ყველა შეხვედრაზე ეს კითხვა დაისვა, სად არის მტკიცებულებები – ნული მტკიცებულებები, ეს გაირკვა, როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე საჯაროდაც. ნახეთ, სატელევიზიო ინტერვიუები აშშ-ის ელჩთან, იქაც ნული მტკიცებულებაა. გაუგებარია, როგორ შეიძლება, ღია წყაროზე დაყრდნობით. ღია წყარო ნიშნავს გაზეთი უნდა წაიკითხო, ან ტელევიზორს უყუროთ, ყველა ვუყურებთ ტელევიზორს და ყველა ვკითხულობთ გაზეთს. როგორ შეიძლება, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი. ამას ხომ ჩაძიება და მოკვლევა სჭირდება, გამოძიება სჭირდება, რაც არ მომხდარა. რეალურად, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს გაირკვა. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, სწორედ ამის გამო მოუწია ელჩს უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ. ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. სინამდვილეში, ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, ითქვა თუ არა რამე დეტალი, ეს არის არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული გარკვეული ანგარიში, ეს არის პრესაზე, საგამოძიებო რეპორტაჟებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ეს შეტევა არსებითად წარმოებს რამდენიმე სუბიექტის მხრიდან.
„ახლა უფლებაც არ მაქვს ვისაუბრო დეტალებზე, მათ შორის რაც ითქვა სატელევიზიო ინტერვიუდან ანალოგიური იყო ორმხრივ შეხვედრებზე. რეალურად ვერავითარ წყაროებზე მითითება ვერ ხდება, რაც შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ეს არის ენჯეოებისა და ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაჟღერებული ათასი დეზინფორმაცია. თქვენ იცით, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ეს შეტევა არსებითად წარმოებს რამდენიმე სუბიექტის მხრიდან. ეს ერთი სუბიექტია, ეს არის „ნაცმოძრაობა“ ფართო გაგებით, რადიკალური ოპოზიცია, ეს არის მათ საკუთრებაში არსებული ტელევიზიები და ენჯეოები. რეალურად ეს არის ერთი სუბიექტი სინამდვილეში და მათი მხრიდან, ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ღია წყარო შეიძლება, იყოს „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ან „ნაცმოძრაობის“ საკუთრებაში არსებული ტელევიზიები. ღია წყარო შეიძლება იყოს, ენჯეოს დასკვნა, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ენჯეოები არიან უცხოური აგენტები რა ფასი აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.