სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ამას უწოდებენ, საქართველოში არ არსებობს. სამოქალაქო საზოგადოება არის ერთგვარი ჯანსაღი ელიტა, რომელიც ყალიბდება ბუნებრივად ნებისმიერ საზოგადოებაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა.
„ილია ჭავჭავაძე უზრუნველყოფდა იმას, რომ საზოგადოება განვითარებულიყო, სხვადასხვა მიმართულებით უზრუნველყოფდა ქვეყნის განვითარებას. იყო იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ზოგი მწერალი იყო, ზოგი პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული და ა.შ. ბუნებრივად იქმნებოდა სამოქალაქო საზოგადოება. ამ გაგებით საქართველოში დღეს სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და ესეც არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი. სააკაშვილმა მიზანმიმართულად „ჩარეცხა“ ინტელიგენცია და ჩაანაცვლა ეს ბუნებრივად შემორჩენილი რეალურად სამოქალაქო საზოგადოება. ანა კალანდაძეს უწოდა ჩარეცხილი ინტელიგენცია. ეს ადამიანები ჩაანაცვლეს გიგაურით და ლომჯარიათი. დღეს გიგაურს, ლომჯარიას, მშვენიერაძეს და ა.შ. ჰქვიათ სამოქალაქო საზოგადოება. ხელოვნურად მოკლეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება. ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, რაც ჩვენს გვაქვს, ეს არის სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ელიტების ფორმირება სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს განათლება, მეცნიერება თუ სხვ. რატომ იყო ეს პოლიტიკური მიზანი თავის დროზე - თუ საზოგადოებას ელიტები არ ჰყავს, არ ჰყავს რეალური საზოგადოება. იქ მანიპულირება, გარედან მათ შორის, ძალიან ადვილია. ეს იყო მიზანი - ვიღაცას სჭირდებოდა მანიპულირებადი ქართულის საზოგადოება, 2012-წლამდე ასე იყო, ადვილი იყო მანიპულირება. დღესაც ნაწილობრივ ახერხებენ მანიპულირებას. სწორედ ამის გამოა, რომ მოკლეს თავის დროზე სამოქალაქო საზოგადოება კლასიკური გაგებით. ხელისუფლება ვერ ჩამოაყალიბებს სამოქალაქო საზოგადოებას, საზოგადოებამ თავისით უნდა წარმართოს ეს პროცესი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.