შემაშფოთებელია, რომ უცხოური წყაროებიდან ხდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაფინანსება. ახლა ხომ დღესავით ნათელია, რატომ ეშინოდათ ვიღაც-ვიღაცებს საზოგადოების წინაშე ამ დაფინანსების გამომზაურება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ეშინიათ, საზოგადოებამ არ მიიღოს ინფორმაცია, როგორ ხდება რევოლუციური პროცესების დაფინანსება და სწორედ ამას უკავშირდებოდა პროტესტი, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ დაორგანიზდა.

„გაუმჭირვალედ რომ დარჩენილიყო რევოლუციურო პროცესების დაფინანსება, სწორედ ამის გამო გააპროტესტეს ვიღაც-ვიღაცებმა გამჭირვალობის შესახებ კანონი“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „რამდენად სწორია აქციაზე დაკავებულებისთვის ჯარიმების უცხოელი დონორების ფინანსებით გადახდა“, – კობახიძე პასუხობს, რომ არა მარტო სამართლებრივად არასწორია, ეს არის პირდაპირ ქართული სახელმწიფოს უპატივცემულობა კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მხრიდან.

„ეს ნიშნავს პირდაპირ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თეთრი თუ ცენტი, რომელიც იხარჯება ასეთი მიზნით, იყოს გამჭირვალე. ჩვენ გვქონდა მცდელობა, მიგვეღო შესაბამისი კანონი, მაგრამ ამ კანონის წინააღმდეგ სწორედ იმ ძალებმა დააორგანიზეს პროტესტი, რომლებიც აფინანსებენ რევოლუციურ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, „31 ოქტომბერს არის დაგეგმილი ფრიდრიხ ებერტის ფონდის დისკუსია თემაზე, პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში. არის თუ არა ეს „კანვასის“ თემის გაგრძელებაც?“,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ესეც, რა თქმა უნდა, მორიგი შემაშფოთებელი ფაქტია, რაზეც ყველას უნდა ჰქონდეს რეაგირება. ამ ქვეყანაში საზოგადოებას სურს სიმშვიდე და მშვიდობა. თუ ვიღაცებს სურთ საპირისპირო, აქ სურთ არეულობა, მეორე ფრონტი და ა.შ. დარმწუნებული ვარ, ამაზე საზოგადოებას ექნება სათანადო რეაგირება. ჩვენ ვერავის მივცემთ ასე მარტივად ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული. რა თქმა უნდა, სათაური უკვე შემაშფოთებელია, როდესაც ვიღაც ახდენს რევოლუციის თემის აქტუალიზაციას და როცა ეს ხდება უცხოური დაფინანსებით. ბუნებრივია, ეს შემაშფოთებელი. ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“.