პარლამენტს დაჩქარებული წესით წარვუდგინეთ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
დარახველიძის განმარტებით, ცვლილების თანახმად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, პორტებსა და აეროპორტებში ერთობლივი ჯგუფები შეიქმნება, სადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, როგორც ადგილზე, ასევე ცენტრალიზებულად მოახდენენ იმ ტვირთების კონტროლს, რომლებიც ქვეყნიდან შემოდის და გადის.
„ცვლილებების მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს ყველა იმ საეჭვო ტვირთის გადამოწმება, სადაც შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული რისკები. აღნიშნული მექანიზმი საშუალებას მოგვცემს, ორივე უწყებამ პრევენციულად იმუშაოს. ამ ცვლილების და ერთობლივი ჯგუფების შექმნის ძირითადი მაპროვოცირებელი ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტებია, რაც დაკავშირებული იყო ნარკოტიკების ტრანზიტსა და მსგავსი ფაქტების აღმოჩენასთან. შესაბამისად, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ცალკე მიმართულება შეიქმნას ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტში. 16 სხვადასხვა განყოფილება ჩამოყალიბდა, რომლებიც ამ მიმართულებით ადგილზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ საბაჟო დეპარტამენტთან ერთად. მათი ძირითადი სამიზნე იქნება ნარკოტიკების ტრანზიტის, ასევე სხვა აკრძალული ნივთიერების ტრანზიტის გამოვლენა და პრინციპული ღონისძიებების განხორციელება“, – განაცხადა დარახველიძემ.








