„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი გუშინ დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც აეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.