ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

NGO-სთვის ე.წ. პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის. თუ „პივიტი“ სწორად არის შედგენილი, ამ შემთხვევაში მას ფასი არ აქვს, უნდა იყოს მაინცდამაინც გაყალბებული, რომ ფასი ჰქონდეს და გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და ოთხი წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა გაყალბებული „პივიტი“ და მმართველ გუნდს ხუთ კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ორგანიზაციას „პივიტის“ გაყალბება ეღიარებინა.

„ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ ეღიარებინათ ის გადახრა, რაც არსებობდა „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის. მთავარი არგუმენტი, რასაც აფუძნებდა ოპოზიცია მაშინ გაყალბებაზე საუბარს, იყო სწორედ „პივიტი“, ცდომილება „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის. ხუთ კვირის თავზე ძლივს ვაღიარებინეთ ამ „ენჯეოს“ და მათ დონორებს, რომ „პივიტი“ იყო ცდომილებაში ცესკო-ს შედეგებთან და ამ ცდომილების მიზეზი იყო „შეცდომა“, რომელიც დაშვებული იქნა „პივიტის“ შედგენისას. ახლა ისინი აღიარებენ, რომ თანხვედრა არის „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის, მაგრამ ასეთ „პივიტის“ აღარ აქვს ფასი და ამიტომ არ ქვეყნდება. აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანებისთვის ერთადერთი თვითმიზანი არსებობდა – როგორმე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. მეტი არავითარი მიზანი არ ჰქონდათ, არც არჩევნებზე დაკვირვება, არც სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ა.შ. მათთვის არჩევნები ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ასეთია „ენჯეოების“ მიდგომა, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.