ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საზოგადოებამ მხარი დაუჭირა საქართველოს გრძელვადიან სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას.

„კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიმეოროთ, რომ ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც, რეალურად, წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ და ამასთან არის დაკავშირებული ის მაღალი აქტივობა, უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებზე. ამ უპრეცედენტო აქტივობით, რეალურად, გაირკვა ის, რომ საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა, მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას. ამისთვის ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.