„თქვენ თუ არ წარმოადგენთ დადებით დასკვნას ამ წარდგინების თაობაზე, მაშინ გამოდის, რომ მთავრობა აღარ იქნება დაცული მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში და ნებისმიერ დროს პრეზიდენტს ექნება უფლება და ეს ხომ არ არის მარტო დღევანდელი პრეზიდენტის საკითხი, ეს შეიძლება მოხდეს ხუთ,10, 20 წელიწადში, ნებისმიერ დროს. ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება იმის საშუალება, რომ შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის საშინაო და ასევე საგარეო პოლიტიკის განხორციელება." - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული სასამართლოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"გარდა პოლიტიკურისა, ჩვენ გვქონდა სამართლებრივი მოტივიც, რომ საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ ეს სისტემა არის საპარლამენტო, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება, შეიჭრას საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში. მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, გერმანიის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ეს პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობა ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, თქვენს გადაწყვეტილებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, პრეცედენტული დატვირთვა და უფრო მეტიც, განსხვავებული თეორიული ვერსია რომ წარმოვიდგინოთ, საერთოდ თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემის არსი, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს კონსტიტუციით“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს განახლდა.
სხდომაში მონაწილეობას არ იღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).
№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა.