საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს განახლდა.
პროცესში მონაწილე წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:
"რა თქმა უნდა თვითონ იმპიჩმენტის აღძვრა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ალბათ გახსოვთ, ჩვენ 2022 წელსაც გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ: მან თუ არ ვცდები, 2022 წლის აპრილში მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მთავრობისგან მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები, თუმცა, მაინც არ მიგვიღია პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრაქტიკა მან შეცვალა და გარკვეული პერიოდი განმავლობაში ის აღარ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, გადიოდა კონსულტაციებს და მოგვიანებით მას თანხმობაც მიეცა გარკვეული ვიზიტების განხორციელებაზე.
თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მას შემდეგ მიღებული, რაც უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველო კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძვრავ, მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ჩვენ არ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სხდომაში მონაწილეობას არ იღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).
№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა.