„მინდა გამოვეხმაურო პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ემიჯნება ძალადობას და წამებას. პირველ რიგში ეყოთ ღირსება და თავმოყვარეობა, რომ გამოვიდნენ და საზოგადოებას მოუხადონ ბოდიში საჯაროდ, ყველას, ვინც მათი ხელისუფლების დროს მართლა ღირსებააყრილი და ნაწამები იყო“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე.
ირაკლი კირცხალია ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი კოლეგების მოსაზრებებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის თაობაზე. „რიგი ნაცმოძრაობის დანაყოფებისგან ვისმენთ ყოვლად უსაფუძვლო, არაპროფესიონალურ და ცრუ მსჯელობებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ირგვლივ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების მანძილზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების პირობებში დავამტკიცეთ უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი. მივიღეთ საფინანსო დოკუმენტი, სადაც ყველა მიმართულებით ასიგნებების ზრდა გვაქვს. ამ ყველაფრის ფონზე ნაცმოძრაობა ცდილობს როგორმე დააკნინოს ეს მიღწევები და აფრქვევენ აბსურდულ იდეებს, რომელსაც აკონვერტირებენ წინასაარჩევნო დაპირებებში. მიგრაცია ყველას გამოწვევაა. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საერთო ეკონომიკური სივრცის აღიარებას, რასაც ბუნებრივია თან სდევს დროებითი მიგრაციები და რისი თვალსაჩინო მაგალითებიც გვაქვს ახლო წარსულში თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
გვაკრიტიკებენ უმუშევრობაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით ისტორიულ მინიმუმზეა, მაგრამ ასევე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად სამუშაო ადგილები რჩება, რომელსაც ჩვენი მდგრადი განვითარებადი ეკონომიკური პოლიტიკით ვპასუხობთ.
მეორე რადიკალური დანაყოფი ქვეყნის ეკონომიკის 100%-იან ზრდას გვპირდება ყოველწლიური 9%-იანი ნამატით და ამ დამცინავ დაპირებას თან ურთავს ეგრეთ წოდებულ მარშალის გეგმას, ისე, რომ საერთოდ არ ითვალისწინებს მის ისტორიულ კონტექსტს, ან საუბედუროდ ითვალისწინებს და სწორედ ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის შემდეგ გვპირდება ამ გეგმის ამოქმედებას.
მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი, რასაც მშვიდობა ჰქვია, და რის გარეშეც ვერსად ვერცერთი პროცენტი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება. ეს მათ კარგად იციან, მაგრამ არ ამბობენ რადგან არ არიან მშვიდობის მომხრე. ისინი არიან დესტრუქციაზე, ომზე და არეულობაზე ორიენტირებული ძალა, რომლის მაგალითები წარსულში კარგად გვახსოვს.
მაგრამ მიუხედავად ამ ურთულესი გეო-პოლიტიკური ვითარებისა, ჩვენს ქვეყანაში არის და იქნება მშვიდობა, იმ ეროვნული, პრაგმატული და ღირსეული პოლიტიკის წყალობით, რომელსაც ქართული ოცნების გუნდი ასრულებს. მერწმუნეთ, ის მიღწევა, რომელიც მოპოვებულია ქართული ოცნების პირობებში და რომელსაც მოვიპოვებთ, იქნება ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ