"მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, ღირსებას, სტაბილურობას და განვითარებას. 26 ოქტომბერს მეგობრებო გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს სიმართლე და გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული, ამაყი ხალხი, გაიმარჯვებს სამეგრელო და გაიმარჯვებს საქართველო, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, პარტიის საარჩევნო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს, მიუხედავად ამ წინსვლისა და მიუხედავად ძალიან ნათელი არჩევანისა, ისევ ის უბედურება, ის მძიმე რეჟიმი, რომელიც ჩვენს ხალხს ჩაგრავდა კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. თქვენ იცით კარგად, რომ მათ შექმნილი აქვთ ე.წ. 4 ბლოკი. მათ ამჯერად შეცვალეს ტაქტიკა და ფრონტი გაშალეს და წინასწარ, რეალურად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ დე ფაქტო გაფორმებული კოალიცია აქვთ რა თქმა უნდა ისევ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ლიდერობის ქვეშ. ახლა, ორი წუთით მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს აგენტურა, სააკაშვილის მოკავშირე ხაზარაძე და მოღალატე გახარიას პარტიებით ცდილობენ ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი არიან სხვა პარტიები და ხალხს მოუწოდებენ თუ ძველი და ახალი ნაციონალების დაბრუნება არ უნდათ ან „ოცნება“ არ მოსწონთ, ხმა მისცენ თაღლით ხაზარაძეს და მოღალატე გახარიას, ამ დროს ჩვენ კარგად ვიცით, შეხედეთ მათ სახეებს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს აგენტურა ყველა ერთმანეთში არის აღრეული. ვინ არის პარტია „ახალი“ - თქვენ კარგად მოგეხსენებათ ნიკა გვარამია, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი პროკურორი იყო და ათასობით ჩვენი მოქალაქე გაამწარა და გააუბედურა, მისი პარტნიორი ნიკა მელია სააკაშვილის ასევე მსახური, ნაციონალების კოალიციურ მთავრობაში შესვლას ადასტურებს უკვე თავის ხელმოწერით კაცი, რომელმაც ჯერ საკუთარ ქვეყანას უღალატა და უღალატა საკუთარ გუნდს, გახარიას ვგულისხმობ, რომელმაც ყველაზე მწვავე კრიზისის დროს გახსოვთ თქვენ, მიატოვა ქვეყანა და მიატოვა გუნდი, და შემდეგ პატრონების დავალებით შექმნა პარტია და ახლა უკვე მე ვიტყოდი პირდაპირ სტაჟიანი აგენტის სალომე ზურაბიშვილის ომის ქარტიაზე ხელმოწერით დაადასტურა მზაობა, რომ შევიდეს სისხლიანი, ამ აგენტურის კოალიციაში. ასევე, მინდა გავახსენო საზოგადოებას ხაზარაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობს, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანოს შეცდომაში. ხაზარაძემ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა სახლები, გახსოვთ. ხალხს, პირდაპირ უნდა ვთქვა, ახრჩობდა მაღალი პროცენტებით და პირდაპირი მნიშვნელობით მოროდიორობდა სააკაშვილის მმართველობის დროს. იგი თავად იფორმებდა წართმეულ ბიზნესებს და ქონებებს, სახლ-კარს. ასევე შეგახსენებთ, ვინაიდან ამ ულამაზეს კუთხეში ვიმყოფებით, სამეგრელოში, სწორედ ხაზარაძემ ვერ ააშენა ანაკლიის პორტი და ჩვენი მთავრობა 4 წელი ელოდა მას, მაგრამ უშედეგოდ... და ამის შემდეგ წავიდა და სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას უჩივლა საერთაშორისო სასამართლოში და ჩვენი ბიუჯეტიდან, თქვენი ბიუჯეტიდან ითხოვდა მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, რომელიც რა თქმა უნდა საბოლოოდ სამართლიანად წააგო. ახლა ისიც, თავისი კოლეგა გახარიას მსგავსად ცდილობს ბარიერის გადალახვას, რათა შემდეგ ისევ, როგორც ვთქვი, ნაციონალების ანუ აგენტურის კოალიციაში გაწევრიანდეს, რომლებიც ყველანი ერთად მეგობრებო ქვეყანას ჰპირდებიან დიდ ქაოსს, ომს, უბედურებას, ხალხის და ქვეყნის ნგრევას და განადგურებას. მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში! ამ უსამშობლო ადამიანებმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების საშუალებას! ამიტომ, 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იმედად, ერთად, ძლიერად უნდა ვაჩვენოთ ყველამ, რომ ვდგავართ მტკიცედ და ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა.
მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, ღირსებას, სტაბილურობას და განვითარებას. 26 ოქტომბერს მეგობრებო გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს სიმართლე და გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული, ამაყი ხალხი, გაიმარჯვებს სამეგრელო და გაიმარჯვებს საქართველო, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.