საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულ სახელმწიფოს საქართველოში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმ კონფრონტაციაზე, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კი, ახლაც არის, მაგრამ ელჩის რაღაც პერიოდში არყოფნა იყო ლოგიკური. მოხდა უპრეცედენტო რამ, ყველაზე მეტად ეიმედებოდათ საქართველოსი და ამ დროს საქართველო ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იყო ქცეული, მისი წარმომადგენლები რუსულ ნარატივებს ავრცელებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო არენაზე. ამიტომაც ძალიან ბუნებრივი იყო ის, რომ ასეთი სამწუხარო შემთხვევები მოხდა. თუმცა ახლა ჩვენთვის ლეგიტიმური იქნება თუ არალეგიტიმური იქნება საქართველოს მთავრობა, უკრაინის ხელისუფლებას და, ზოგადად, უკრაინულ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოში. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით უკრაინის ელჩის დანიშვნას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.