უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ გახსნილი აქვს მოლაპარაკებები. ამიტომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი პირდაპირ ეხება ევროპას და რუსეთთან პირდაპირი სასაუბრო საკითხი აქვს. საქართველოსთან მიმართებით კი კრიტიკის ერთადერთი მიზეზი იყო, რომ სასანქციო პოლიტიკას უნდა იზიარებდეს ქვეყანა, რომელსაც ევროკავიშირის წევრობა სურს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას რამდენად ლოგიკური, სამართლიანია ეს ფაქტი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სანქციების ჭრილში აკრიტიკებდნენ?
საქმე ეხება „პოლიტიკოს“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს, სახელდება მარიო დრაგისა და ალექსანდრ სტუბის კანდიდატურები“.
„საერთოდ სხვა რამეა. მომლაპარაკებელი საჭიროა. გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ გახსნილი აქვს მოლაპარაკებები. ამიტომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი პირდაპირ ეხება ევროპას და, მათ შორის, რუსეთთან პირდაპირი სასაუბრო საკითხი აქვს. ამერიკაც არის ასეთ მოლაპარაკებებში ჩართული და სხვა აქტორებიც. მოლაპარაკებები საერთოდ არ მიმდინარეობდა დონალდ ტრამპის ძალისხმევამდე და ზელენსკიმაც განაცხადა, რომ არსებობს შანსი, ამ მოლაპარაკებებმა წარმატებას მიაღწიოს. ამან განაპირობა სხვა მხარეების ჩართვაც. ეს ყველაფერი საქართველოსთან არავითარ ბმაში არ არის. საქართველოსთან მიმართებით კრიტიკის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ სასანქციო პოლიტიკას უნდა იზიარებდეს ქვეყანა, რომელსაც ევროკავიშრის წევრობა სურს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოსაც რუსეთთან დიალოგი, ირაკლი ფავლენიშვილმა უპასუხა:
„რა დიალოგი უნდა ჰქონდეს, ამ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ეს ქვეყანა იმავეს აცხადებს, რაც რამდენიმე კვირის წინ მოვისმინეთ – თურმე თუ არ ვაღიარეთ აფხაზეთისა და ისტორიული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, სხვანაირად ჩვენთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. თუ გგონიათ, რომ უნდა ვაღიაროთ, ეს ქვეყნის ღალატია“.






