ნებისმიერ პროფესიაში კვოტები თუ იქნებოდა შემოღებული სქესის, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, ეს გაანადგურებს იმის რეპუტაციას, ვის სასარგებლოდაც იქნება მიღებული, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და განმარტა, რომ ადამიანები, სქესის მიუხედავად, თანასწორნი არიან.
„ქალების შეურაცხყოფა, დისკრიმინაციაა, როცა ჩვენი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალებს სჭირდებათ კაცების დახმარება, ხელის წაშველება, რათა პოლიტიკური ცხოვრება კაცების თანასწორად გააგრძელონ. ნებისმიერ პროფესიაში კვოტები თუ იქნებოდა შემოღებული სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან ნებისმიერი სხვა რაღაცის მიხედვით, გაანადგურებდა იმის რეპუტაციას, ვის სასარგებლოდაც იქნება მიღებული. მაგალითისთვის, ექიმთან რომ მიდიოდეთ და იცოდეთ, რომ ქალი ექიმები იმიტომ არიან ექიმები, რომ კვოტით არიან მიღებული სამედიცინო ფაკულტეტზე, ხომ არ აირჩევდით მათ, როგორც პროფესიონალებს, მიუხედავად იმისა, იქნებოდნენ თუ არა პროფესიონალები. გეცოდინებოდა, რომ ისინი იმიტომ კი არ არიან ექიმები, რომ თავის პროფესიაში კონკურენციას გაუძლეს და მაგრები არიან, არამედ იმიტომ, რომ ქალთა კვოტით მოხვდნენ სამედიცინო ფაკულტეტზე. ეს იქნებოდა არასწორი ამ პროფესიისთვის და ზუსტად იგივე ხდება პოლიტიკაშიც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების თაობაზე მათ კანონპროექტს მხარს თუ დაუჭერს, მაშინ „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს.
„კალანდარიშვილი ჯერ კონკურსს გადის და ზუსტად არავინ იცის, კალანდარიშვილი იქნება თუ სხვა, მაგრამ ნორმალური ადამიანი თუ იქნება, მათ შორის კალანდარიშვილი, მხარს დავუჭერთ. პირველად ე.წ. კვოტირების კანონი უნდა გავიდეს, შესაბამისად, დავინახავთ, „ქართული ოცნება“ შეასრულებს თუ არა ამ შეთანხმებას. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ შეთანხმებაზე და პოლიტიკურ ვაჭრობაზე. ჩვენ ქალთა კვოტირების წინააღმდეგ ვიბრძოდით 2020 წლიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც კი გვქონდა შეტანილი. გაჩნდა შანსი, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს პარლამენტი და გაასუფთაოს ქართული კანონმდებლობა ამ უაზრო ნორმებისგან, რომელიც კანონში ჩვენი „ენჯეოშნიკების“ დახმარებით შევიდა. ეს კანონი შემდეგი მოწვევის პარლამენტში თუ დამტკიცდა, ქალბატონებს უკვე შეეძლებათ თქვან, რომ კვოტით კი არ არიან პარლამენტში, არამედ პროფესიონალები არიან“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
„გირჩი“ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითხოვს.