არ შეიძლება პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს 10 ათასი ლარი ხელფასი, მაშინ როდესაც 55 მილიარდიან ეკონომიკას განკარგავს - ცხადია, რომ კორუფცია იქნება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ რომ პარლამენტში შევედით „ქოცებს“პირველი რაც ვუთხარით - ფულს როგორ შოულობ-თქო? ანუ პარლამენტის წევრი ხარ, ფრაქციის თავმჯდომარე ხარ, პრემიერ-მინისტრი ხარ, ფიზიკურად ფულს როგორ შოულობ-თქო, როგორ აპირებთ ფული იშოვოთ? და შევთავაზეთ გზა... ჩვენ თავიდანვე ვუთხარით, რომ პოლიტიკაში გვინდოდა ფულის შოვნა, ოღონდ პატიოსნად, არა ისე, როგორც ღარიბაშვილს უწევს ახლა, მამამ მაჩუქაო, მერე მთლად სასწაული თქვა, მამა მილიონერიაო. ამას ჯობდა ეთქვა, ბატონი ბიძინა მაფინანსებსო, გასაგები იქნებოდა ყველაფერი - დაბალი ხელფასები გვაქვს, არ გვყოფნის, გვიმატებს ბატონი ბიძინა. ვამბობდით, რომ არ შეიძლება პრემიერ მინისტრს ჰქონდეს 10 ათასი ლარი ხელფასი, არ შეიძლება პარლამენტის წევრს ჰქონდეს მაქსიმუმ 5 ათასი ლარი, უბრალოდ, იმიტომ რომ 55 მილიარდიან ეკონომიკას განკარგავს, 25 მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს და საპარლამენტო რესპუბლიკაა. ცხადია, რომ კორუფცია იქნება თუ ეს ხელფასები გაქვს დატოვებული. ან წმინდანებს ეძებ, რომლებიც ყველანაირი ღირსებით შემკულნი იქნებიან და თან 3 ათას ლარად, ტაქსისტის ხელფასად იმუშავებენ. ან ამას ეძებ, ან ფიზიკურად, მთელი ეს პოლიტიკური სპექტრის დაფინანსება გადაყვანილი გყავს იატაკქვეშეთში და ყველას შეიძლება კორუფციაში შეედავო",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.