სამართალი და სამართლის აღსრულების ვალდებულება ყველას დაეწევა, ადეიშვილსაც და კეზერაშვილსაც, – ასე უპასუხა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა, კეზერაშვილს, აშშ-ის მსგავსად, პრობლემები ევროპაშიც შეექმნას.
„სამართალი ადეიშვილსაც აუცილებლად დაეწევა და კეზერაშვილს თითქმის უკვე დაეწია. ჩვენ ვნახეთ, რომ მისი გარემოცვის არაერთი წევრია დაკავებული და მასაც არ უჩანს კარგი დღე. რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერებს უწინასწარმეტყველებდნენ, ვნახეთ, რომ ახლა თვითონ ოპოზიციის ერთერთი დამფუძნებელი დასანქცირდა აშშ-დან. საერთაშორისო სააგენტომ თქვა, რომ ის არის თაღლითი, „მისტერ ოფშორი“ და ა.შ. სააკაშვილსაც ეგონა, სამართალი ვერ დაეწეოდა და ვაგონში შეძვრა, მაგრამ იქაც მიაგნო სამართალმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან და მისი უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უკრაინიდან არეულობის მოსაწყობად გამოუშვეს, რაც თავად სააკაშვილმაც აღნიშნა.
„ეს მისმა პატრონებმაც თქვეს და ამიტომაც ვთქვით ჩვენს განცხადებაში, რომ მას, როგორც ოქროს მოწმეს, იმიტომ უფრთხილდებიან უცხოური ძალები, რომ ის არ ალაპარაკდეს, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ამიტომ ცდილობენ, ზურაბიშვილზე ზეწოლა განახორციელონ სააკაშვილის გამოსაშვებად. მისი პოლიტიკური წონა კი არ აინტერესებთ. სააკაშვილი პოლიტიკურად უკვე თავისიანებსაც აღარ ანტერესებთ. უბრალოდ, იმიტომ ითხოვენ მის გადაცემას, რომ არ ალაპარაკდეს იმ უცხოურ ძალებზე, რომლებმაც საქართველოშიც შემოუშვეს და 2008 წლის ომშიც უზრუნველყვეს ის უბედურება, რაც განახორციელა, მათ შორის, სააკაშვილმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეკითხვაზე, რა შანსები აქვთ ძველი სახეების მიერ შექმნილ ახალ პარტიებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არანაირი მესამე ძალა არ არსებობს და მელია-გვარამიას ახალი გაერთიანება იგივე „ნაციონალური მოძრაობაა“.
„რომელია მესამე ძალა, გვარამია, რომელიც დღესაც ამბობს, 4 ნომერი კი ვართ, მაგრამ 5 ჯობიაო? თუ მელია, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე იყო და დღემდე მის პოლიტიკურ რესურსზე ზის? თუ „ლელო“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს თანამშრომლობაში იყო ამ პარტიასთან? თუ გახარია, რომელიც დღესაც დაქორწინებულია „ნაცმოძრაობასთან?“ მესამე ძალის შექმნის მცდელობა იქნება უცხოური ძალებისგან, რომლებსაც სურთ, ხელისუფლებაში ისევ „ნაცმოძრაობა“ მოვიდეს, რადგან ის მათი ყურმოჭრილი პარტიაა. ისინი შეეცდებიან, ისევ „ნაცმოძრაობა“ მოვიდეს, ოღონდ უკვე სხვადასხვა მხრიდან. 5 ნომერი, სავარაუდოდ, გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს და მესამე უნდათ, რომ შექმნან, ვითომ მესამე ძალა, ანუ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც, შეეცდებიან, გადაალახინონ ხუთპროცენტიანი ბარიერი, მაგრამ ასეთი ღია ტყუილი, რაც ახლა კეთდება, ვითომ „ახალი“ რომ დაირქვეს და რეალურად ძველი სახეები არიან, არ მინახავს. ციფრიც კი, რომელიც ორმა ნიკამ ერთი ნიკასგან ისესხა, დაიწუნეს და თქვეს, 4 კი ვართ, მაგრამ ამას 5 ჯობიაო და რეალურად გამოვიდა ის, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველიც დაბნეულია. ერთი ხმა აქვს იმ ადამიანს და რომელს მისცეს, ხაბეს, გვარამიას, „ლელოს“, თუ გახარიას?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.