„ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა იყო და ყოველთვის იქნება ის, რომ ინფორმაციით შეიარაღებული ხალხი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, პარლამენტში განაცხადა. მაჭარაშვილმა უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც მისი და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ დაისვა.
„აქ დაჩქარებაზე იყო საუბარი და ყოველგვარი სპეკულაცია რომ მორჩეს, ამ კანონს დაჩქარებით არავინ განიხილავს. „ხალხის ძალამ“ ჯერ კიდევ დეკემბერში დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიცირებდით ამ კანონპროექტს და ეს ასეც მოხდა. ჩვეულებრივი, რეგლამენტის რეჟიმში იწყება ამ კანონპროექტების განხილვა და არა - დაჩქარებულად.
ჩვენ, „ხალხის ძალამ“, დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც ამერიკული FARA-ს ზუსტი თარგმანია. ამასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები და მოგახსენებთ, რატომ დაგვჭირდა მისი დაინიცირება. მანამდე კი გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ამერიკაში მოქმედი კანონის განხილვა და დაცვა ჩვენ, „ხალხის ძალას“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ამერიკელებისგან და ამერიკელებისგან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან დაგვჭირდებოდა“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი არათუ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ხელსაც კი უწყობს დემოკრატიის გამყარებას.
„კონსტიტუციასთან დაკავშირებით ბევრჯერ ითქვა, მაგრამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად ვიყავი წინა მოწვევის პარლამენტში, რომელმაც მიიღო საქართველოს კონსტიტუცია და თქვენ რომ ასე ამაყად ამბობთ, რომ 78-ე მუხლი არის ევროინტეგრაციის შესახებ, ეს ჩვენი მიღებულია, ხმა მივეცით ამას. შეგახსენებთ, რომ, სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ ამას მხარი არ დაუჭირა და არც არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს არაფერი უთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ცუდია, ასეთ კარგ კანონს რომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს მაშინდელმა რადიკალურმა ოპოზიციამ.
რაც შეეხება იმას, ეწინააღმდეგება თუ არა კანონი კონსტიტუციას - რა თქმა უნდა, არა. კონსულტაციები გვქონდა და პრინციპის დონეზე უკვე შეთანხმებული ვართ „ქართულ ოცნებასთან“, რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული. რატომ არის პრობლემა მოქალაქის ინფორმირება? მე ძალიან მაინტერესებს, როგორ შეიძლება, იბრძოდე და იღვწოდე სხვების გამჭვირვალობისთვის და საკუთარ გამჭვირვალობაზე გქონდეს პრობლემა?! ეს ხომ ხალხისთვის თავისთავად, რაღაც ნიშანია?! საზოგადოებაში ჩვენც ხომ დავდივართ, ხომ გვეკითხებიან, რა არის ასეთი, რატომ არ უნდათ გამჭვირვალობის კანონის მიღება? - არ ვიცით. ეს კითხვა, ალბათ, უკვე ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც ასე ეწინააღმდეგებიან კანონპროექტის მიღებას. რა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ევროპული სტანდარტი, რომ იყოს ფინანსური გამჭვირვალობა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ფინანსური ანგარიშგების სახით და, რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული.
ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა იყო და იქნება, რომ როცა საზოგადოება ინფორმირებულია, ის არის შეიარაღებული და თქვენ რატომ არ გინდათ, რომ საზოგადოება ინფორმაციით იყოს შეიარაღებული? - რადგან ბუნებრივია, როდესაც ადამიანი არ არის სწორად ინფორმირებული, ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, მისით მანიპულირება ადვილია. 5 თუ 6 საათის განმავლობაში, აქ არცერთი შინაარსობრივი შეკითხვა არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს კანონპროექტი ცუდი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მან გამოკვეთა ის საკითხები, რომელთა გამოაშკარავებაც დადებით შედეგს მოუტანს როგორც საზოგადოებას, ასევე თავად ორგანიზაციებსა და მათ დონორსაც.
„ქართული საზოგადოებაც გაიხარებს, როცა დაინახავს რომ შშმ პირებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ვიღაც აფინანსებს და კეთილშობილური საქმით არის დაკავებული. ასეთ დროს, დონორი კი არ შეწყვეტს საქმიანობას, პირიქით - უფრო გააგრძელებს. მაგრამ, თუ დაინახავს საზოგადოება, რომ ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ სცენაზე შედგა და რადიკალურ პროცესებშია გადართული, იმასაც მიხვდება, თუ ვინ დგას ამ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან.
ინფორმირებული მოქალაქე ჩვენთვის იმის საშუალებაა, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც. ეს დემოკრატიის ერთ-ერთი საწყისია. როდესაც მოქალაქე ინფორმირებულია, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რომელი როგორ იქცევა, ამაში ცუდი შეიძლება დაინახოს მხოლოდ იმან, ვისაც დასამალი აქვს. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ ფინანსებში ასეთი ბევრი რამ იქნებოდა დასამალი და ასე შეეშინდებოდა ვინმეს, ვისზეც ამბობთ, ისედაც გამჭვირვალეაო. საუბარია იმაზე, რომ ამ გამჭვირვალობას მოქალაქე ვერ ხედავს. წინა შეხვედრაზე ბატონ გიორგი ბურჯანაძეს კითხვა დავუსვი კონკრეტულ არასამთავრობოზე, როგორ მოეძებნა მოქალაქეს საიდან ფინანსდებოდა ის. პასუხი იყო, თუ ვებგვერდზე ვერ ნახავთ, სუს-მა მაინც უნდა იცოდესო. კი ბატონო, მაგრამ მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რატომ უნდა მიმართავდეს, როცა აინტერესებს, ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ასე აქტიურობს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ცდილობს მონაწილეობის მიღებას, საიდან ფინანსდება. რატომ გინდათ, რომ ამ ხალხმა იწვალოს?! რატომ ეუბნებით ადამიანებს, რომ ინფორმაციის მისაღებად, ხან სუს-ს და ხან საგადასახადოს მიმართონ? ძალიან მარტივად - იყოს რეესტრი, სადაც ორგანიზაცია დარეგისტრირდება სამი კომპონენტით და ჩვეულებრივ საქმიანობას აგრძელებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.