მიუხედავად იმისა, რომ ჯერ განხილვაც არ დაწყებულა, ამ კანონპროექტმა თავის საქმე უკვე გააკეთა იმით, რომ არასამთავრობო სექტორისა და რადიკალური ოპოზიციის ლუსტრაცია მოახდინა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს მათი საქმიანობის ფინანსური გამჭვირვალობის ისე ეშინია, როგორც ეშმაკს ნაკურთხი წყლის.
„ისე ეშინიათ მათ საქმიანობაზე ფინანსური გამჭვირვალობის, როგორც ეშმაკს ნაკურთხი წყლის. თუ შენ პირნათელი ხარ, საკუთარ ორგანიზაციაში ფინანსური გამჭვირვალობის რატომ უნდა გეშინოდეს? გამომდინარე აქედან, ამ კანონპროექტის მხოლოდ დაინიცირებით უკვე მოხდა ლუსტრაცია იმისა, რომ სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორს აქვს შიშები მათ ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.