სამწუხაროდ, საქართველოს წინააღმდეგ არაერთი ძალა მოქმედებს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამას არ მალავენ არც მათი უცხოელი პატრონები და მათი აქაური აგენტურა, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებდნენ ხელისუფლების უკანონო დამხობისკენ, რადიკალური პროცესების წარმართვისა და მკვლელობისკენ, ასევე ითხოვდნენ ისეთი უწყებების გაფიცვას, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირ საბოტაჟს გამოიწვევდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"გამოძიების დაწყება კარგია, რადგან ყველამ პასუხი უნდა აგოს, თუ რაიმე აქვთ ჩადენილი. ვხედავთ, სამწუხაროდ, გაჩნდა ისეთი განცდა, რომ, მწირი უმცირესობის მიუხედავად, აქვთ ამბიცია, რომ მათი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. დემოკრატია ასე არ მუშაობს. რამდენიმე ადამიანს მაგისტრალების გადაკეტვა რომ უნდა, ეს საბოტაჟია. დარწმუნებული ვარ, ბევრი რაღაც გაირკვევა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  საგამოძიებო ნაწილში, 8 თებერვალს  გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 10 წლამდე და 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.