ჩვენი და შალვა პაპუაშვილის თუ არ სჯერათ, აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას მაინც დაუჯერონ, რომელიც ამბობს, რომ USAID-იდან მილიარდები იხარჯებოდა, რათა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარეულიყვნენ, სხვა ქვეყნებში რევოლუციები მოეწყოთ. – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ამას ვამბობდით ჩვენ, ამას ამბობდა შალვა პაპუაშვილი და არამარტო ამბობდა, შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდა, რევოლუციებისთვის თანხების გადმორიცხვა შეწყვეტილიყო. ამერიკის პრეზიდენტმა, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეულმა პოლიტიკამ და სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ თქვეს, რომ USAID-იდან მილიარდები იხარჯებოდა უცხო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში რევოლუციური სცენარების მოწყობისთვის. ესაა რეალობა. ზუსტად ერთი ერთში დამტკიცდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე არაერთხელ სთხოვდა, მათ შორის USAID-ის ხელმძღვანელობას. არამარტო პასუხი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სიტყვა „შეერთებული შტატებიც“ კი ამოიღეს თავიანთი ლექსიკონიდან. ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებდნენ, თეთრი სახლიდან ამას და ამას ამბობენ და თქვენ რას აკეთებთო. ახლა სად ხართ, მეგობრებო? თეთრი სახლი აღარ არსებობს თუ ამერიკას პრეზიდენტი აღარ ჰყავს, სახელმწიფო მდივანი ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას თუ USAID-ი არის სხვა USAID-ი და ისევ ძველებურად მოქმედებს?
სიტყვას რომ აღარ ამბობთ და შემძვრალი ხართ ბუჩქებში, სად ხართ, გამობრძანდით, თქვით, რა ხდება, შეერთებული შტატებიდან ტყუილები მოდის? ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ამერიკის პრეზიდენტს, როცა საუბარია „შავი ფულების“ გადმორიცხვაზე, მათ შორის USAID-იდან და ასე შემდეგ? ჩვენზე მკაცრი განცხადებები რომ კეთდება, ეს ანტიამერიკული განცხადებებია? თუ ჩვენთან გქონდათ დიდი გული, რადგან პატრონები გეუბნებოდნენ, მიდით, მიაწექით და ჩვენ აქედან დაგაფინანსებთო? გამობრძანდით და ახლა თქვით, USAID-ზე ანტიამერიკული განცხადებებია თუ დემოკრატიული?
დიპლომატიაზე როდესაც არის საუბარი, სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო წლებში დავინახეთ, რომ ელჩი დიპლომატის ფუნქციას კი არა, უცხოური ძალის წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებდა. რა როლსაც თავის დროზე საქართველოში მეფისნაცვალი და ცეკა-ს მეორე მდივანი ასრულებდნენ, კიდევ უფრო უარეს როლს ასრულებდა ზოგიერთი ელჩი საქართველოში. სამწუხაროდ, დიპლომატიაზე საუბარიც აღარ იყო. საქართველოში დიპლომატიის ფუნქცია საერთოდ დაკარგა ბევრმა ელჩმა. კომუნისტების დროს ცეკა-ს მეორე მდივანი თუ იყო აქ მეორე კაცი და მოსკოვის მითითებებს ასრულებდა, საქართველოში ბევრი ელჩი პირველ ადამიანად გრძნობდა თავს, მეორე ადამიანად კი არა. პირდაპირ უთითებდა ხელისუფლებას, კარნახობდა, თან თავხედობა ჰყოფნიდა და ქართველი ხალხის სახელით საუბრობდა.
რაც შეეხება დიპლომატიას, იმედი გვაქვს, დიპლომატია დიპლომატიას დაუბრუნდება და ელჩები დიპლომატიურ ფუნქციებს შეასრულებენ, კანონმდებლობაც ზუსტად ისეთი იქნება, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიის განვითარებას, უსაფთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.