„ნაცმოძრაობის“ მანიფესტს ნამდვილად შეგვიძლია „დაშლა-არ მოშლის“ ვუწოდოთ, რადგან პოლიტიკურ ლაბირინთში სიარულს არ იშლიან“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტად ის სისტემა ჭამს „ნაცმოძრაობას“, რაც მათი მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა.
„ნაცმოძრაობის“ მანიფესტს ნამდვილად შეგვიძლია „დაშლა-არ მოშლის“ ვუწოდოთ, რადგან პოლიტიკურ ლაბირინთში სიარულს არ იშლიან. არც იმას იშლიან, რომ მელია გარიცხონ პარტიიდან, ან დატოვონ; არც მელია აპირებს ის პარტია დატოვოს, რომელსაც ეწინააღმდეგება და ა.შ. ამ ე.წ. ფორმალურ ლიდერშიპს ერთი წლის განმავლობაში მელია რომ ვერ გაურიცხია „ნაცმოძრაობიდან“, რა არჩევნების მოგება შეუძლია, ან საერთოდ, რა ოპოზიციაში მომსვლელები არიან. მათ მანიფესტსაც მხოლოდ ბუტაფორია შეიძლება უწოდო.
ჩვენმა კოლეგა მიხეილ ყაველაშვილმა კარგად შენიშნა, თუ როგორ ფერებში ჩაატარეს „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი - შავსა და წითელში. მათი 9 წლიანი რეჟიმი სწორედ შავ-ბნელ და სისხლიან საქმეებს მოიცავდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ მიაღწიეს იმას, რომ მელია მისულიყო იქ და მანიფესტზე ხელი მოეწერა. ვერ რიცხავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ის სისტემა ჭამს „ნაცმოძრაობას“, რაც მათი მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა. ეს, ზოგადად, ცნობილია კაცობრიობის ისტორიაში - ასეთი რეჟიმები ყოველთვის ამგვარად ასრულებენ - ზუსტად ის სისტემა შეგჭამს, რასაც ხალხის წინააღმდეგ შექმნი.
ე.წ. ვარდების რევოლუცია რა შედეგების მომტანიც იყო ხალხისთვის, კარგად ვიცით. ია-ვარდით ფენილი გზა იმ დროს ერთეულებს ჰქონდათ, დანარჩენები კი ეკლიანი გზით ატარეს მთელი 9 წელი. მათი მანიფესტიც იმის მომასწავებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ბოლო თვეების ათვლას იწყებს.
სუბიექტურმა ევროპარლამენტარებმაც კი ვერ გაიგეს რა ხდება „ნაცმოძრაობაში.“ აღარ იციან, ვის სასარგებლოდ გააკეთონ გაცხადება -კეზერაშვილის თუ სხვის; ან, ვის მიულოცონ ეს მანიფესტი - მელიას, სააკაშვილს, ხაბეიშვილს თუ სხვას. ანუ, მათი პატრონებიც ვერ არკვევენ, რა პროცესი მიმდინარეობს „ნაცმოძრაობაში“. ერთია, რომ ამ პროცესს სიამოვნებით ვუყურებ, თუ როგორ იცლება პოლიტიკური სისხლისგან „ნაცმოძრაობა“. თემურ ალასანიამ რაც უსურვა საქართველოს, ის ხდება მათ პარტიაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.