აქციაზე რაც გამოვაცხადე, ამასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს იყო კანონიერი მოწოდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც აქციის მონაწილეებისადმი პარლამენტის შენობისთვის ალყა შემორტყმის მოწოდებას გამოეხმაურა.
„პროვოკაცია მოაწყო კობახიძემ, მდინარაძემ, „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც 78-მა დეპუტატმა ხმა მისცა ამ რუსულ კანონს, ეს იყო მთავარი პროვოკაცია. პროვოკაციაა, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეებს "რობოკოპები" უპირისპირდება. ახლა ჩვენკენ უნდათ გადმოიტანონ ისრები. არც ერთი ნაბიჯი უკან! უკან დახევა არ შეიძლება.
პირველად გამოვაცხადეთ ასეთი რამე? კი ბატონო, ვთქვი ალყა. მშვიდობიანად მოვუწოდე წავიდეთ-თქო და მეც იქ ვიდექი. მე, რაც გამოვაცხადე, ამასთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს იყო კანონიერი მოწოდება. პოლიტიკოსის ვალდებულებაა იყოს პასუხისმგებლობიანი, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგას ის ნაბიჯები, რაც შედეგამდე მიიყვანს. დღეს რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ არის პირველი დღის, მეორე, მესამე და დღევანდელი დღის ბრძოლის შედეგი. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა. მადლობა ყველა პატრიოტს! ქვეყნის მტრები არიან ხელისუფლებაში, ვინც რუსულ კანონს იღებდა.
მშვიდობიანი ალყის დარტყმის არანაირი პრობლემა არ არის. ეს ნაბიჯები უნდა გადაედგა იმ აქციას, იმისთვის, რომ შედეგები დამდგარიყო. ამ ალყის მიზანი იყო პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება, იმიტომ, რომ მეორე დღეს პარლამენტში სესია იყო დაგეგმილი, რომელსაც რუსული კანონი უნდა მიეღო. პარლამენტის პიკეტირებას ადრეც ვახდენდით. ხალხს შევთავაზე აეწიათ ხელი თუ იყვნენ თანახმა“,- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, პარლამენტის შენობისთვის ალყა შემორტყმის მოწოდება შეთანხმებული იყო ოპოზიციის სხვა წევრებთანაც.
„მოთხოვნები და პარლამენტის პიკეტირება შეთანხმებული იყო ყველასთან. მე ეს გამოვაცხადე ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან შეთანხმებით, ვინც ჩართული იყო. ელენე ხოშტარია, ლევან ხაბეიშვილი იქ იყო, „გირჩის“ წარმომადგენლებმაც იცოდნენ, „ლელომ“ იცოდა. რაზე მელაპარაკებით? ერთად ვიდექით და ასე გამოვაცხადეთ. გადამწყვეტ მომენტში, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა თუ არ გაქვს, მაშინ პოლიტიკიდან უნდა წახვიდე“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „რეჟიმის მოკავშირეა“ და აღნიშნა რომ ლომჯარიამ პოსტი წაშალა, „რაც ფაქტობრივად ბოდიშს ნიშნავს ამ საკითხთან დაკავშირებით“.
კითხვაზე, აქციის მონაწილეები ისროდნენ თუ არა აალებად ნივთიერებებს სპეცრაზმის მიმართულებით, ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, ვაშაძე ასე პასუხობს: „ეს ახალგაზრდები მიზანმიმართულად გააღიზიანეს".
"მათ დაუშინეს მხუთავი აირი, წყლის ჭავლი და ამ ადამიანებს ეუბნებით, რომ რატომ გააკეთეთ ეს, რატომ გააკეთეთ ის. ჯერ პასუხი მოვთხოვოთ მას, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო და დაძაბა. არავინ გაბედოს ახალგაზრდების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება“,- განაცხადა ვაშაძემ.