შენი დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დადეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და იმ სამხედროებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც მზად არიან დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ღარიბაშვილის ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც მან დღეს გააკეთა - ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი! შენი დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დადეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და იმ სამხედროებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც მზად არიან დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები. შენი ნარატივი ერთი ერთში არის სწორედ ის, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რაშიც ცამდე გამართლდა საქართველო მთელ საერთაშორისო ასპარეზზე. შენი მშვიდობა არის რუსული მონური მშვიდობა, ჩვენი მშვიდობა არის ნატო-თი და ევროკავშირით გარანტირებული მშვიდობა. შენი მშვიდობა არის მშვიდობა, რომელიც მონობაში დაამყარა რუსეთმა ჩეჩნეთში, ჩვენი მშვიდობა არის ღირსებაზე, ერთიანობაზე, ძლიერი საქართველოს იდეაზე დაფუძნებული, ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად. ერთადერთი, რასაც თქვენ მიაღწიეთ ამ წლების მანძილზე - პუტინს და მედვედევს ჰააგის სასამართლოში აარიდეთ პასუხისმგებლობა, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები მიეცა პასუხისგებაში ჰააგის სასამართლოს, მაგრამ იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის ცამდე გამართლდა ყველა ჩვენი სამხედრო და ქართული მხარე და რუსეთი არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.
და ბოლოს, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად. აი, თქვენ კი, საქართველოს მტრებს, რუსული ნარატივის და ინტერესების გამტარებლებს აუცილებლად მოგიჩენთ ადგილს ქართველი ხალხი. ასე, რომ წინ, დიდი გამარჯვებისთვის!“ - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა იმ ფონზე, „როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს“.