პირადი თავდასხმებითა და ბულინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის ქმედება ადასტურებს, რომ ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია.
„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა. ეს პროცესს ვერ შეაჩერებს მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც არის დასტური, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებზე რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა. მხოლოდ პირადი თავდასხმებით, ზეწოლით, ბულინგით, პირად სივრცეში შეჭრითა და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე, გადაფაროს საკითხები და შექმნას საზოგადოებაში ის აღქმა, რომელსაც, ასევე, ზოგიერთი დაინტერესებული მხარე ცდილობს, თითქოს არჩევნები გაყალბდა. თუ სადმე რაიმე მანიპულაცია იყო, ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუცია, რომელმაც პირველმა მიმართა საქართველოს პროკურატურას შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით. ის, რაც დღეს ვნახეთ, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების, ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც საბოლოოდ და ალბათ სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება. ასეთი ქმედებით, ბულინგითა და პირადი თავდასხმებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.