საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად. ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.
საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, აქტიურად იმუშაოს გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე და მიიღოს ყველა ზომა, რომ ერთ დროს ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო, არ ჩამორჩეს უკრაინას და მოლდოვას!“, - წერს გახარია.