„ოცნებამ“, ისევე როგორც ენმ-მ მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ძალადობის წახალისება დაიწყო - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ზურაბ ჯაფარიძეზე და ბორჯომში, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე თავდასხმას.
„ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. „ოცნებამ“, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო. ახლა უკვე „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!“ - წერს გახარია სოციალურ ქსელში.