როცა ვიცი ადამიანის ბუნება, ვიცი, რომ ყველაფრის მკადრებელია, ასეთ ადამიანს მე თავს არ გავუყადრებ და მის დონეზე არ დავეშვები, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი პარტიის უკვე ყოფილი წევრის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას და  პარტიიდან გასულ ადამიანებს მოუწოდა, არ დაიწყონ ტალახის სროლა.

„მოვუწოდე იმ ადამიანებს, ვინც გავიდნენ პარტიიდან, ტალახის სროლა არ დაიწყონ, ეს იქნება და გაგრძელდება. ამიტომ ამას ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევ, როგორც ბოროტებას და სამწუხაროდ, ყველა ეთიკური ჩარჩოდან ამოსვლას, მაგრამ ამ სიტუაციაში ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება, ეს რაღაცნაირად, გავიგო კიდეც.

პარტიაში იყო იმგვარი მდგომარეობა, რომელიც ნამდვილად არ იძლეოდა არანაირ გარანტიას წარმატებული საარჩევნო კამპანიის. შესაბამისად, ეს არის პასუხისმგებლობა და განაცხადეს, რომ ამ პასუხისმგებლობას არ იღებენ. სისულელეებზეა საერთოდ საუბარი. როგორ შეიძლება, სისულელეს გავცე პასუხი?!

კონკრეტულ ვითარებაში როცა ვიცი ადამიანის მდგომარეობა და მისი ბუნება, ვიცი, რომ ყველაფრის მკადრებელია, სამწუხაროდ, ასეთ ადამიანს მე თავს არ გავუყადრებ და მის დონეზე არ დავეშვები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს გიგი წერეთლის "პოლიტიკურ სუტენიორობაზე" მოუწყვება.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს. როგორც გიგა ბოკერიამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესმა უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.