ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციასა და თანამდევ პროცესებზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა ევროკავშირის ელჩის განცხადებები, თუმცა ისინი რეალობას აღნიშნავენ.

„ჩვენ მოვისმინეთ ლიდერების პოზიციები საქართველოსთან მიმართებით - მაშინ, როდესაც უკრაინა და მოლდოვა ხსნიან მოლაპარაკებების პროცესს და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ წინ ევროკავშირისკენ, საქართველო კარგავს გაფართოებაში მოხვედრის იმ შანსს, რომელიც რეალურად 2030 წლამდე იქნება.

ამიტომ ამ ყველაფრის შესაჩერებლად, ის, რომ მნიშვნელოვანი პროგრამები არ დაიკარგოს, არ დაიკარგოს ფინანსური დახმარებები და ძალიან ბევრი მიმართულებით ევროინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს, მხოლოდ ერთი შანსი არსებობს - ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოხდეს“ - თქვა გიგი წერეთელმა