მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ბუნებრივია, არ მომწონს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებას, პარტიის დატოვებაზე.

„სამწუხაროდ, დღეს დადგა ისეთი ეტაპი, როდესაც მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ ის და გუნდის ერთი ნაწილი ტოვებს პარტიას. სამწუხაროა, რომ ასე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პარტიას პირიქით სჭირდება უფრო მეტი გაძლიერება და უფრო მეტად კონცენტრირება შიდა ერთიანობაზე და მთავარი ორიენტირი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების დამარცხება ამ არჩევნებზე. სამწუხაროდ, პრაიმერიზი აღმოჩნდა ის განხეთქილების მოვლენა, რომელმაც გააღრმავა, პარტიაში შესაძლო არსებული უთანხმოებები. დეტალებში ვერ შევალ. არ მინდა ბრალდებების სროლა, ტალახის სროლა ნამდვილად არ მინდა არავისთვის და ამას მოვუწოდებ სხვასაც, იმიტომ რომ სროლას ასევე მოჰყვება პასუხი მეორე მხრიდანაც.

პრაიმერიზმა გამოიწვია ნდობის დაკარგვა, სრული უნდობლობა, ერთმანეთთან დაპირისპირება და საბოლოო შედეგი დადგა ის, რაც მოვისმინეთ დღეს. მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ბუნებრივია, არ მომწონს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში. 

გიგა ბოკერიამ "ევროპული საქართველო" დატოვა - "ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას საპარლამენტო არჩევნებზე ამ მდგომარეობაში მყოფ პარტიის წარდგენაზე"