საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფალი ქვეყნის აშენების მტკიცე ნება გამოხატეს და ქვეყანას გაუჩნდა რეალისტური შანსი თავის ბუნებრივ წიაღში, დასავლურ ცივილიზაციაში დასაბრუნებლად. მაგრამ საქართველოს სრულფასოვანი ტრანსფორმაცია ვარდების რევოლუციის შემდგომმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. - წერს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში, რითაც 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციიდან 20 წლისთავს ეხმაურება.
"ვარდების რევოლუცია 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ვარდების რევოლუციამ "შეუმდგარი სახელმწიფოდან" დასავლურ, დემოკრატიულ ქართულ რესპუბლიკად გარდაქმნის ფუნდამენტი შექმნა.
საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფალი ქვეყნის აშენების მტკიცე ნება გამოხატეს და ქვეყანას გაუჩნდა რეალისტური შანსი თავის ბუნებრივ წიაღში, დასავლურ ცივილიზაციაში დასაბრუნებლად. მაგრამ საქართველოს სრულფასოვანი ტრანსფორმაცია ვარდების რევოლუციის შემდგომმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.
მეტიც, აშკარა წარმატებებთან ერთად იყო მძიმე ჩავარდნები.
დღეს უკვე 11 წელია გვყავს შინაარსით რეაქციული, ოლიგარქიული ხელისუფლება, რომელმაც არა თუ ქვეყანა წინ არ წაიყვანა, არამედ ვარდების რევოლუციის მონაპოვარიც საფრთხის წინაშე დააყენა.
დღეს, ისევე როგორც მაშინ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ცვლილების აუცილებლობაზე შეთანხმდეს და იმ რეფორმების შინაარსის გარშემო კონსოლიდირდეს, რომელთა საფუძველზეც გავანეიტრალებთ დღევანდელი რეაქციული რეჟიმის მიერ მოტანილ ზიანს, გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ან არ გააკეთა და დავასრულებთ ისტორიულ ტრანსფორმაციას საქართველოს თანამედროვე რესპუბლიკად, რომელშიც ყველა მოქალაქის სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება იქნება დაცული და გარანტირებული"- წერს გიგა ბოკერია.